Hot line : (+995) 599 157 471

ისტორია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება

ყვარლის მუნიციპალიტეტი _ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, 1921 წლის ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად.

რაც შეეხება თვით ქალაქ ყვარელს, რომელიც მდინარეების ბურსასა და დურუჯის შუაწელში მდებარეობს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წლიდან. ყვარლის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის, სამხრეთით _ გურჯაანისა და თელავის, დასავლეთით _ ახმეტის მუნიციპალიტეტები, ხოლო ჩრდილოეთით _ დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია).

მუნიციპალიტეტის ფართობია 1000,8 კვ.კმ.
კლიმატი _ სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 12,5 ºC, შესაძლებელი მაქსიმუმია 40 ºC, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი _ 22 ºC. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000კვტ/სთ 1 კმ²-ზე) ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 950 მმ-ია, მაქსიმუმი _ 1100 მმ, მინიმუმი _ 800 მმ.
მოსახლეობის რაოდენობა _ სულ 40 200; მათ შორის: ქალაქის _ 10 356, სოფლის _ 29 844 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1/01-2010 წ. _ 40,16 კაცი 1 კვ.კმ-ზე.

მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ბურსა, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. 
ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 21 სოფელია. 

ყვარლის მუნიციპალიტეტი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალებით უკავშირდება.

მოკლე ისტორიული ექსკურსი

ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს ნეკრესი, რომელიც დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ.წ.აღ. II-Iსს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი _ აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნემდე). ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა. 

XV-XVI საუკუნეებში თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია კახეთის სამეფომ, რომლის სატახტო ქალაქი ამ პერიოდში იყო გრემი. გრემის უნიკალური ციხე-სიმაგრე მთავარანგელოზის ეკლესიით, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები, არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს იყო ფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. აქ XV საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გრემზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები, მათ შორის იყო “აბრეშუმის გზა”, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრემი კახეთის დედაქალაქი იყო, მის ისტორიაზე, ცხოვრებასა და გარეგან სახეზე საკმაოდ მწირი ცნობებია შემონახული. თუმცა, შემორჩენილი ნაგებობები და არქეოლოგიური მასალა ადასტურებს ქალაქის სიძლიერესა და მნიშვნელობას. 1614-1616 წლებში ირანის შაჰის აბას I ლაშქრობების დროს გრემი სასტიკად ააოხრეს და ნანგრევებად აქციეს. მას შემდეგ გრემმა, როგორც კახეთის სატახტო ქალაქმა, ცოტა ხანს კიდევ იარსება, მაგრამ ძველი დიდება ვეღარ აღიდგინა. 1667 წელს სატახტო ქალაქისათვის უსაფრთხო ადგილი მოინახა და მეფე არჩილმა კახეთის დედაქალაქად თელავი აირჩია, რომელიც შედარებით დაცული იყო დაღესტნელ ფეოდალთა გამუდმებული თავდასხმებისგან.

არეში, ანუ არიში _ ასე უწოდებდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელს, რომლის ტერიტორიაზეც დღევანდელი სოფელი მთისძირი მდებარეობს. იგი სტრატეგიული პუნქტი ყოფილა ძველ ჰერეთში, სავაჭრო გზაზე, რომლითაც ადრეულ ფეოდალურ ხანაში ქართლი და კახეთი ალბანეთის შიდა რაიონებს უკავშირდებოდა. არეშზე გადიოდა და დღესაც გადის ცხვრის გზა, რომლითაც ცხვარი დაღესტნის მთებში აჰყავდათ. “მატიანე ქართლისაის” ცნობით X საუკუნის დასაწყისში კონსტანტი აფხაზთა მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის შეერთებულმა ჯარმა ჰერეთის ლაშქარი დაამარცხა და დადებული ზავის თანახმად ადარნასე ჰერთა პატრიკმა კვირიკეს დაუთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტის _ გავაზნი და არეში”.

ძველი დიდების მატერიალური ნაშთები _ ძველისძველი ციხე-ბურჯები თუ ჩუქურთმიან ეკლესიათა ნანგრევები _ ამ ტერიტორიაზე მრავლადაა შემორჩენილი. ხოლო სახელის სადიდებლად ისიც კმარა, რომ არეშელებს, ჰერეთის სხვა დიდებულებთან ერთად, ღვაწლი დაუდიათ საქართველოს გაერთიანებისათვის.

კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს _ ყვარელს, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მრავალი წყაროთი და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ არსებობდა მნიშვნელოვანი დასახლებები

ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონებია მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: “ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო”.

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (IV საუკუნეში) ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან; ყვარადან ჩამოსახლებულებს ყვარლელები შეარქვეს და ეს სახელი დასახლებასაც შერჩა. შემდგომში ამ სახელწოდებამ ცვლილება განიცადა და საბოლოოდ ჩამოაყალიბდა ტოპონიმი ყვარელი.
ყვარელი არაერთი გამოჩენილი პიროვნებისა და ცნობილი მამულიშვილის სამშობლოა. გენიალური მამულიშვილი, დიდი ილია ჭავჭავაძე, ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი, ქართული თეატრის მშვენება მაკო-საფაროვა-აბაშიძისა, გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი, პუბლიცისტი არჩილ ჯორჯაძე, საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები თამარ ჭავჭავაძე და დოდო ჭიჭინაძე, მხატვრები ვალერიან სიდამონ-ერისთავი და ვახტანგ ჯაფარიძე, მწერალი ილია ზურაბიშვილი და სხვანი ყვარლის მადლიანი მიწის შვილები არიან.
 

 

 

 

Share page